უკრაინაში დაღუპული მებრძოლები, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა სამშობლოში ჩამოასვენეს
უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში 16 აპრილს დაღუპული ქართველი მებრძოლები – ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა სამშობლოში ჩამოასვენეს. ალექსანდრე ცაავა რამდენიმე წუთის წინ საკუთარ სახლში, ზუგდიდში გადაასვენეს. ქართველ მებრძოლს ადგილობრივები ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ. მუნიციპალიტეტის ქუჩებში საქართველოს და უკრაინის სახელმწიფო დროშებია აღმართული. უკრაინიდან ქართველი მებრძოლები საქართველოში პოლონეთის დედაქალაქის გავლით ჩამოასვენეს. ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა ლუგანსკის ოლქში, რუბეჟნოესთან 16 აპრილს დაიღუპნენ, როდესაც ქალაქში ცოტა ხნით ადრე დაღუპული ქართველი მებრძოლის, არკადი კასრაძის ცხედრის გამოსაყვანად მიდიოდნენ. რამდენიმე დღის წინ, დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი უკრაინაში გაიმართა. უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას სულ ცხრა ქართველი მოხალისე მებრძოლი შეეწირა.