რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. რუსულმა მხარემ უკრაინის მიმართულებით ფრთოსანი რაკეტები გაუშვა. საჰაერო თავდასხმის განგაშია გამოცხადებული ყველა რეგიონში. ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, რვა სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ზაპოროჟიეს ოლქზე. დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები და მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 15-მდე აფეთქება დაფიქსირდა ხარკოვშიც. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსული მხარე ენერგეტიკულ სტრუქტურას უმიზნებს. მანამდე, რუსმა სამხედროებმა თავდასხმა ხერსონისა და დონეცკის ოლქებზე განახორციელეს. დაიბომბა ორი დასახლება. შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, ხერსონის ოლქში თავდასხმა საცხოვრებელ უბანში დაფიქსირდა.

დონეცკის ოლქში რუსი სამხედროების სამიზნე კერძო სექტორი გახდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმისას დაშავებულები საკუთარ სახლებში იმყოფებოდნენ.