ვითარება უკრაინაში

რუსეთის არმიამ უკრაინის ქალაქებზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა. დარტყმები განხორციელდა დონეცკის ოლქის ქალაქ მირნოგრადსა და პოკროვსკზე. შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. როგორც ადგილობრივი მთავრობა იუწყება, რუსეთის სამიზნე მჭიდროდ დასახლებული საცხოვრებელი უბნები იყო, დაზიანდა სასწავლო დაწესებულება, მაღაზია და ავტობუსი. ამ ქალაქებზე იერიშის დროს სავარაუდოდ „ეს-300“-ის ტიპის რაკეტები იყო გამოყენებული. დღესვე რუსეთმა სარაკეტო დარტყმა მიიტანა ხერსონზეც, დაზიანებულია 5 სახლი, თუმცა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ამასთან, ოდესაში მრავალსართულიანი სახლის ნანგრევებიდან ამ დრომდე ამოჰყავთ მოქალაქეები, გარდაცვლილია 10 ადამიანი, მათ შორის ორი ჩვილია. ხელისუფლება აცხადებს, რომ ნანგრევებში სავარაუდოდ კიდევ 4 ადამიანი იმყოფება.