რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რთული ვითარებაა უკრაინაში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ყირიმის ნახევარკუნძულს დრონებით დაესხნენ თავს. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ანტისაჰაერო თავდაცვის ძალებმა ანექსირებული ნახევარკუნძულის საჰაერო სივრცეში 38 დრონი გაანადგურეს. მანამდე აფეთქებების შესახებ ცნობები გავრცელდა ფეოდოსიაში. ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ გაავრცელა. ყირიმის ხიდზე დროებით შეწყდა ტრანსპორტის გადაადგილება, თუმცა ამჟამად შეზღუდვა მოხსნილია. თავის მხრივ, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შესახებ იუწყებიან უკრაინელი სამხედროები. მათი ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების სამიზნე გახდა ქალაქი დნიპრო და ზაპოროჟიეს ოლქი. რუსეთის მიერ ოდესაზე დრონით მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა.