სამგორის რაიონში განვითარებული მოვლენების გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. აფრიკის დასახლებაში, სადაც გუშინ მერიამ სახელმწიფოს კუთვნილ მიწებზე უნებართვოდ აშენებული 16 შენობა-ნაგებობა დაანგრია, ადგილობრივთა პროტესტი დღესაც გაგრძელდა. დედაქალაქის მთავრობა ხაზს უსვამს, რომ ნაგებობებში, რომლებიც დემონტაჟს დაექვემდებარა, არავინ ცხოვრობდა, დემონტაჟამდე კი იყო რამდენიმე გაფრთხილება. შეიძლებოდა თუ არა ზამთარში და თან პანდემიის პირობებში პროცესის გადავადება ან სხვა ალტერნატივის შეთავაზება – ადგილობრივთა და უფლებადამცველთა პრეტენზიებისა და მძიმე კადრების შემდეგ, მერიას დღეს განმარტებების გაკეთება ამ საკითხზეც მოუხდა.