„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ“ კანონში ცვლილებები
უცხოელის მიერ საქართველოს მოქალაქესთან ფიქციური ქორწინება დასჯადი ხდება. ქვეყანაში ბინადრობის მოსაპოვებლად საკანონმდებლო რეგულაციები მკაცრდება და სისხლის სამართლის კოდექსს ახალი მუხლი ემატება. შესაბამის ცვლილებებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული ცვლილებებით, რეგულაციების გამკაცრება ფიქციური ქორწინების გარდა, სასწავლო მიზნით ბინადრობის მიღების საკითხსაც ეხება. ინიციატივა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო პაკეტი დეპუტატებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ წარუდგინა. ალექსანდრე დარახველიძის თქმით, ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ საქართველოს ეფექტური და გამართული მიგრაციული პოლიტიკა ექნება.