საკანონმდებლო ცვლილებები
უკმაყოფილება გამოიწვია შვიდ კანონში შესატანმა ცვლილებებმა. სადავო საკანონმდებლო პაკეტი დღეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღეს.
შეფასებების დროს განსაკუთრებული აქცენტი გრანტების შესახებ კანონზე კეთდება, რომელიც კიდევ ერთხელ იცვლება. ფართოვდება გრანტის განმარტება და იმ პირთა თუ ორგანიზაციათა ჩამონათვალი, რომლებმაც გრანტების გაცემამდე მთავრობისგან ნებართვა უნდა მიიღონ. ოპონენტები მმართველ გუნდს მზარდი საერთაშორისო კრიტიკის და უცხოელი პარტნიორების მიერ გაჟღერებული მოწოდებების გათვალისწინებას ურჩევენ. სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის და პოლიტიკური აქტივობების შეზღუდვა და საარსებო წყაროების გარეშე დატოვება დაანონსებული ცვლილებების მოწინააღმდეგეთა მთავარი არგუმენტია. მმართველი გუნდი კი კანონის კიდევ ერთხელ გადახედვას ქართულ პოლიტიკაში უცხოური ფინანსების კანონის გვერდის ავლით მოძრაობის პრევენციით ხსნის. სწორედ ამ კონტექსტში განიხილება ბრიუსელიდან ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები. შვიდ კანონში შესატანი ცვლილებები შეზღუდვებს აწესებს პოლიტიკური საქმიანობის კუთხითაც.