უბედური შემთხვევა ბათუმში – კატარღაზე გამობმული პარაშუტიდან ქუვეითის ორი მოქალაქე ჩამოვარდა, 37 წლის ქალი ადგილზე დაიღუპა, 39 წლის მამაკაცი კი კლინიკაშია მოთავსებული. გავრცელებული ინფორმაციით, პარაშუტის ვარდნა მოულოდნელმა, ძლიერმა ქარმა გამოიწვია, რის შედეგადაც ტურისტები რამდენიმე ათეული მეტრიდან წყალში ჩავარდნენ. დაშავებული მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია. მედიკოსების ცნობით, მას სხეულის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და რამდენიმე საათში სავარაუდოდ კლინიკიდან გაწერენ. შემთხვევა მახინჯაურის ტერიტორიაზე მოხდა. ფაქტზე გამოძიება 275-ე მუხლით დაიწყო, რაც წყლის ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების ნორმის დარღვევას გულისხმობს.