ტყის ხანძრისა და ძლიერი ქარიშხლის გამო, სიცილიაში, პალერმოს აეროპორტი დაიხურა. დაიღუპა სულ მცირე ორი ადამიანი. ძლიერი ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება. შეფერხებულია საგზაო და სარკინიგზო მოძრაობა. აღმოსავლეთ სიცილიის ზოგიერთ რაიონში ტემპერატურა 48 გრადუსამდე გაიზარდა. მაღალი ტემპერატურის გამო იტალიის 16 ქალაქში განგაშის წითელი ნიშნულია გამოცხადებული. მათ შორისაა პალერმო და კატანია, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში არ მიეწოდებათ ელექტროენერგია და შეზღუდულია წყალმომარაგება. ამავდროულად, მილანში ქარიშხალმა სახლებს სახურავები გადახადა, გადაკეტა გზები და შეაფერხა მიწისზედა ტრანსპორტი. იტალია ერთ-ერთი ევროპული ქვეყანაა, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა კლიმატის ცვლილებით.