ეროვნული სატყეო სააგენტოს განცხადება

საქართველოში მიმდინარე წელს 20-მდე მცირე მასშტაბის ტყის ხანძარი დაფიქსირდა. განცხადება ამის შესახებ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ უფროსის მოადგილემ გააკეთა. ნათია იორდანიშვილის განცხადებით, კლიმატის ცვლილება ჩვენს ქვეყანაზეც აისახა, შესაბამისად, თუ აქამდე ხანძარსაშიში პერიოდი გაზაფხულიდან იწყებოდა, ახლა ეს პერიოდი მთელი წლით განისაზღვრა.

იორდანიშვილის განმარტებით, ხანძრების ძირითადი მიზეზი საზოგადოების დაუდევრობაა, ამიტომ მოსახლეობას ტყეში ყოფნისას და კოცონის დანთებისას მეტი ყურადღებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ უფროსის მოადგილის განცხადებით, ცეცხლთან გაუფრთხილებელ მოპყრობაზე კანონმდებლობით დაწესებულია სანქციები – ადმინისტრაციული ჯარიმა და პატიმრობა.