ტყის ხანძრები საბერძნეთსა და იტალიაში

საბერძნეთში ევაკუაციის ახალი ბრძანება გასცეს, ქვეყანაში ხანძრის ახალ კერებს ებრძვიან, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს. საბერძნეთის სახანძრო ბრიგადის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ხანძრის 61 ახალი კერა გაჩნდა. მათივე თქმით, ყველაზე რთული ვითარება ცენტრალური საბერძნეთის ქალაქ ველეს-ტინოს მახლობლადაა, სადაც ოფიციალურმა პირებმა მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცეს. მედიის ცნობით, ხანძარს ებრძვიან ცენტრალური საბერძნეთის ქალაქ ლამიასთანაც, სადაც რამდენიმე დასახლების მცხოვრებლებს უსაფრთხოების მიზნით, საცხოვრებელი სახლების დატოვებისკენ მოუწოდეს.

იტალიაში კი ტყის ხანძარმა პალერმოს მონასტრამდე მიაღწია, დაიწვა წმინდა ბენედიქტ მურის სახელობის ეკლესია. იტალიის სამხრეთით მდებარე კუნძულ სიცილიაზე კი სტიქიას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ხანძრისა და ძლიერი ქარიშხლის გამო, სიცილიაში, პალერმოს აეროპორტი დაიხურა. ძლიერი ცეცხლის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება. შეფერხებულია საგზაო და სარკინიგზო მოძრაობა. მაღალი ტემპერატურის გამო, იტალიის 16 ქალაქში განგაშის წითელი ნიშნულია გამოცხადებული.