თურქეთის არმიის ოფიცერთა კორპუსის მომზადება
თურქეთის არმიის ოფიცერთა კორპუსის მომზადება

ნატოს წევრი ქვეყნებიდან,  თურქეთის შეიარაღებული ძალები, აშშ-ს ძალების შემდეგ, ყველაზე მრავალრიცხოვანია და ასევე – ყველაზე ბრძოლისუნარიანიც.  ევროპული არმიებისგან განსხვავებით, თურქეთის შეიარაღებული ძალები დღემდე გაწვევით კომპლექტდება, რაც თავის მხრივ, დიდ უპირატესობას აძლევს მას სამობილიზაციო რეზერვის კუთხით.

შეიარაღებული ძალების ბირთვს თურქეთის სახმელეთო ძალები წარმოადგენს, რომელთა რიცხოვნობა 360 ათასამდე აღწევს, რაც მთლიანი პირადი შემადგენლობის 75%-ია.  თურქეთის კანონმდებლობის მიხედვით, მათი გამოყენება შესაძლებელია ქვეყნის შიდა და გარე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ქვეყნის ტერიტორიის დასაცავად და ჰუმანიტარულ მისიებში მონაწილეობისათვის. ასევე, ისინი გამიზნულია თურქეთის ეროვნული ინტერესების დასაცავად კავკასიაში, ბალკანეთსა და ახლო აღმოსავლეთში. ამ მიზნით, მათ დამოუკიდებლად, ან საზღვაო და საჰაერო ძალებთან ერთად, შეუძლია მიიღონ მონაწილეობა სტრატეგიულ ან ტაქტიკურ ოპერაციებში. სანიმუშოა თურქეთის არმიის ოფიცერთა კორპუსიც და შევეცდები, მოკლედ აღვწერო, თუ როგორ ხდება  ამ არმიის ოფიცრებით დაკომპლექტება.

თურქეთის არმიის უმცროსი სამეთაურო რგოლი (სერჟატები) მომზადებას გადიან მე-4-ე საველე არმიის სპეციალურ სასწავლო ცენტრებში. გარდა ამისა, არსებობს სპეციალური უნტერ-ოფიცერთა სკოლები, სადაც იღებენ 14-15 წლის მოზარდებს. ეს სკოლები წარმოადგენს სამხედრო სასწავლებლების სპეციალურ განყოფილებებს და სწავლის ხანგრძლივობა განისაზღვრება ორი-სამი წლით, რაც არჩეული სპეციალობის სპეციფიკით განისაზღვრება.

„კარა ჰარფ ოკული“

რაც შეეხება ოფიცერთა შემადგენლობას, მათი მომზადება რამოდენიმე საფეხურიანია. პირველ რიგში, ეს არის მოსამზადებელი სასწავლო დაწესებულებები – სამხედრო ლიცეუმები და გიმნაზიები. შემდეგ, ეს არის საშუალო სამხედრო სასწავლებლები – ქვეითთა, ჯავშანსატანკო, სარაკეტო, საარტილერიო, საინტენდანტო, კავშირგაბმულობის, ტექნიკური, კომანდო, დაზვერვისა და უცხო ენების. აქ მომზადებას გადიან ოცმეთაურები, ასმეთაურები და ბატარეის მეთაურები. ძირითადი სასწავლებელია Kara Harp Okulu, სადაც მომავალი ოფიცრები გადიან ოთხწლიან სწავლებას, რის შემდეგაც 1-2 წლით ხდება მათი განაწილება ჯარების გვარეობათა სასწავლებლებში.  ეს საწავლებელი  სტამბოლში 1834 წელს დაარსდა და მის კურსდამთავრებულთა შორის იყო ქემალ ათათურქიც. 1936 წლიდან საწავლებელი გადავიდა ანკარაში და თავისი სტატუსით თურქეთში ის უნივერსიტეტთანაა გათანაბრებული.

მესამე საფეხური გახლავთ სახმელეთო ძალების აკადემია, სადაც მსმენელებს იწვევენ უფროსი ლეიტენატიდან მაიორამდე, რომელთაც სამხედრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, არანაკლებ 3 წლისა იმსახურეს სამხედრო ნაწილებში.

დაბოლოს, ოფიცერთა მომზადების უმაღლესი საფეხურია შეიარაღებული ძალების აკადემია, სადაც მხოლოდ სახმელეთო ძალების აკადემიის კურსდამთავრებულები  ხვდებიან. ოფიცრებს აქ ამზადებენ დივიზიებისა და არმიების შტაბებში, გენერალურ შტაბში, ანდა თაცდაცვის სამინისტროში მოღვაწეობისთვის.

გარდა ჩამოთვლილისა, არსებობს ასევე სხვადსხვა კურსების სისტემა და ოფიცერთა საზღვარგარეთ მომზადების პრაქტიკაც.

თურქული არმია საერთაშორისო ოპერაციებში მრავალრიცხოვანი მონაწილეობით, როგორც წესი, არ გამოირჩევა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ის  გამოცდილება, რომელიც მათ გააჩნიათ, თეორიული სულაც არ არის. სულ ახლახანს მათ ს-400-ებიც შეიძინეს და ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება მოვლენები.  აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ალიანსის ორი ყველაზე დიდი არმიების მქონე სახელმწიფოებიდან ერთი სტრატეგიული პარტნიორია, მეორე კი – მეზობელი.

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

დატოვე კომენტარი