“ტრავიატა” ბრუნდება

მილანის კონსერვატორიაში არ მიიღეს. გენერალური დირიჟორისგან გამოგზავნილ წერილში ეწერა: „ახალგაზრდავ, კონსერვატორია დაივიწყეთ, თქვენ სმენა არ გაქვთ და საერთოდ, მუსიკაზე ფიქრს თავი დაანებეთ.“  წლების შემდეგ ამავე კონსერვატორიის ხელმძღვანელობამ დაწესებულებისთვის მისი სახელის მინიჭება მოითხოვა. პირველი დიდი აღიარება ჯუზეპე ვერდის, 1842 წელს ოპერამ, – „ნაბუქო“, – მოუტანა. „აიდას“ შექმნის შემდეგ გენიოსი უწოდეს, 75 წლის ასაკში კი „ოტელო“ დაწერა, რომელსაც დღემდე მისი შემოქმედების კულმინაციად აფასებენ. „რიგოლეტო,“ „ბედის ძალა,“ „ფალსტაფი,“ „ტრავიატა“ – ჯუზეპე ვერდი ის კომპოზიტორია, რომლის ოპერებიც მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს სცენებზე ყველაზე მეტჯერ დაიდგა. ხვალიდან თბილისის ოპერის თეატრში მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ვერდის „ტრავიატა“ ბრუნდება.