შეხვედრა შრომის ინსპექციაში

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სადადგმო დეპარტამენტის გაფიცული თანამშრომლების ნაწილი დღეს შრომის ინსპექციის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა გაფიცულების მიმართ ოქტომბრის ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისთვის ოპერის და ბალეტის თეატრის დავალიანების საკითხი იყო, რომლის დარიცხვასაც ისინი თვეზე მეტია ელოდებიან. თანამშრომლები პროცესის გაჭიანურებას მათ საპროტესტო გამოსვლებს უკავშირებენ და დამსაქმებელთან მედიაციაში დახმარებას შრომის ინსპექციას სთხოვენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდგომ განმარტეს, შრომის ინსპექცია მზადაა შრომითი პირობების შესასწავლად ოპერისა და ბალეტის თეატრში ინსპექტირება შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარონ, ასევე მედიაცია განახორციელოს ზეგანაკვეთურ დავალიანებებთან დაკავშირებით მათსა და დამსაქმებელს შორი.

ოპერისა და ბალეტის თეატრის სადადგმო დეპარტამენტის თანამშრომლების ნაწილის გაფიცვიდან 27 დღე გავიდა. ისინი ხელფასების 100%-იან მატებასა და ორი გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენას ითხოვენ. ოპერისა და ბალეტის თეატრში კი აცხადებენ, რომ თანამშრომლებს ხელფასები პირველი იანვრიდან 35%-დან 40%-მდე გაეზრდებათ.