ტრანსნაციონალური დანაშაული

გაშიფრული ტრანსნაციონალური ნარკოდანაშაული და ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად დაგროვილი ორნახევარ მილიონ დოლარზე მეტი თანხა – შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის მიერ გახსნილი სქემა საქართველოს რეგიონებში პრაქტიკულად ყველა სახის ნარკოტიკებით ვაჭრობას მოიცავდა. ბრალდებულები არიან საქართველოს, თურქეთის და ბულგარეთის მოქალაქეები, ჯამში 22 პირი, მათგან ნაწილი იძებნება. სამ დაკავებულს დღეს პატიმრობა შეუფარდეს. მათ შორის ორი ადვოკატია, რომლებსაც გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკების გასაღებას და ნარკოვაჭრობის შედეგად მიღებული თანხების განკარგვას ედავება. სქემა, რომელიც ძიების საგანი სამი წლის წინ გახდა, საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემოტანას, დაფასოებას, გაყიდვის მიზნით მათ სხვადასხვა ადგილზე განთავსებას და მიღებული თანხების გათეთრებას გულისხმობდა. საგამოძიებო უწყებებმა ნარკორეალიზაციით მიღებული შემოსავლების ლეგალიზების გზებიც გაშიფრეს.