იყო თუ არა მინდელის სახელობის შახტში ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხოება დაცული – მეშახტეების და ადმინისტრაციის წინასწარი ვერსიები ერთმანეთს არ ემთხვევა.
ველი, სადაც ქვანახშირის სამთო-მოპოვებითი სამუშაოები მიმდინარეობდა, ექსპლუატაციაში თებერვლიდან შევიდა. შახტში დასაქმებულები მძიმე სამუშაო პირობებზე და მოძველებულ ინფრასტრუქტურაზე ჰყვებიან. შემზარავ დეტალებს იხსენებენ ის ადამიანებიც, რომლებიც გუშინდელი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაშავდნენ. ტყიბულის ტრაგედიის გამო ქვეყანაში გლოვის დღეა. სახელმწიფო უწყებების და საქართველოს საელჩოების შენობებზე საქართველოს დროშები დაუშვეს.