ტოტალური თავდაცვის ძირითადი პრინციპები
ტოტალური თავდაცვის ძირითადი პრინციპები

ბრიგადის გენერალი ედმუნდ მიულერი წერდა: „ისტორიული გამოცდილება გვანახებს, რომ თუკი სახელმწიფოს არ შეუძლია დაიცვას საკუთარი თავი და მისი სულიერი და მატერიალური ღირებულებები, ადრე თუ გვიან, უფრო ძლიერი პოლიტიკისა და ძალის სამიზნე გახდება. ამიტომ, თავდაცვისთვის ძალისხმევა აუცილებელია. ეს ძალისხმევა უნდა ერთიანდებოდეს ყოვლისმომცველ უსაფრთხოების პოლიტიკაში…ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკა კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია სანდო, თუკი მას საფუძვლად უდევს საფრთხეების რეალისტური შეფასება და საკუთარი შესაძლებლობების ანალიზი…..“

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების ფორმირება საბრძოლო მოქმედებების პარალელურად მიმდინარეობდა. უსაფრთხოების სტრუქტურები საბჭოთა მოდელიდან თანდათან იცვლებოდა დასავლური მოდელით, თუმცა ამ ჩანაცვლებას თანმიმდევრობა აკლდა და დღემდე არ არსებობს მკაფიოდ განსაზღვრული ხედვა, თუ რა ტიპის სამხედრო ძალები უნდა ყავდეს სახელმწიფოს. უსაფრთხოების სტრუქტურების ხშირი ცვლა, რეზერვის სიტემის არარსებობა და შეიარაღებული ძალების მოწყობა ჯერაც პრობლემატურია.

ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, აუცილებელია ეფექტური შეიარაღებული ძალების თანმიმდევრული განვითარება, რათა დროთა განმავლობაში სახელმწიფოში შეიქმნას ისეთი ქმედუნარიანი ძალა, რომელიც შეძლებს გაუმკლავდეს მის წინაშე არსებულ ყველა გამოწვევას. ასეთი მაგალითი მცირე სახელმწიფოების სამხედრო რეალობაში ბევრია. რომელიმე მოდელის ცალსახად გადმოღება საქართველოს თავისებურებების გათვალისწინების გარეშე გაუმართლებელია, თუმცა გამოცდილების შესწავლა და გაზიარება ამ მხრივ საკმაოდ მნიშვნელოვანია.

პატარა ქვეყნებისთვის, რომელთა რესურსები, როგორც ადამიანური, ისე მატერიალური, ხშირ შემთხვევაში შეზღუდულია, თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი მწვავედ დგას. შეიარაღებული ძალები, რომელთა უპირველესი ამოცანა სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაა, იმ მოსახლეობის ადეკვატურია, რომელიც ასეთ მცირე სახელმწიფოებს გააჩნიათ და შესაბამისად, შეუძლებელს ხდის, კომპლექსური და ყოვლისმომცველი მიდგომის გარეშე, დიდი ხნის განმავლობაში შეძლოს უფრო ძლიერ და მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგესთან გამკლავება.

თუმცა, ომში მხოლოდ სამხედროები არ მონაწილეობენ. მისი წარმატებულად წარმართვისთვის, აუცილებელია სახელმწიფოსა და საზოგადოების ყველა კომპონენტისა თუ ფენის ჩართულობა და სწორედ ამ შემთხვევაში შეგვეძლება ვისაუბროთ ტოტალურ თავდაცვაზე, რომელსაც ხშირ შემთხვევაში, შეცდომით, ტოტალურ გაწვევასთან აიგივებენ. ტოტალური თავდაცვა თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრისას გულისხმობს შეიარაღებულ/სამხედრო ძალებთან ერთად ძლიერ სამოქალაქო თავდაცვას, დაგეგმარებისას ეკონომიკისა და პოლიტიკური ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით.

დღეს მსოფლიოში ტოტალური თავდაცვის რამდენიმე წარმატებული მოდელი არსებობს. სახელმწიფოს თავისებურებებიდან გამომდინარე, ისინი, ბუნებრივია, ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა არსებობს ფუნდამენტური მახასიათებლები, რომელიც საერთოა და აუცილებელია იმისათვის, რომ მცირე სახელმწიფომ შეძლოს ტოტალური თავდაცვის რეჟიმზე გადასვლა. ზოგადად, ტოტალური თავდაცვა სამხედრო და სამოქალაქო კომპონენტებს მოიცავს და მის წარმატებას მხოლოდ ორივე მათგანის დეტალური და შეთანხმებული დაგეგმარება განაპირობებს.

1. სამხედრო თავდაცვა – ერთ-ერთი და არა ერთადერთი კომპონენტია ტოტალური თავდაცვის სისტემაში. შეიარაღებული ძალები საჭიროების შემთხვევაში პირველი ერთვება აგრესიის მოგერიებაში. თუმცა იმისათვის, რომ მათი ჩართულობა წარმატებული იყოს, აუცილებელია, განისაზღვროს საფრთხეები, ამ საფრთხეების შესაბამისად მოხდეს დაგეგმარება და მშვიდობიანობის დროს სამხედრო ქვედანაყოფების წვრთნა წინასწარ განსაზღვრული სცენარებით, რომელიც მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული რეალობასთან. დაგეგმარებისას გათვალისწინებული უნდა იქნას ყველა სცენარი, თუმცა მანამდე მკაფიოდ განისაზღვრება ამოცანები: რა არის შეიარაღებული ძალების ფუნქცია – აგრესიის შეკავება, მისი მოგერიება, მტრისათვის ისეთი ზარალის მიყენება, რომელიც შემდეგ უმნიშვნელოს გახდის მის მიერ მოპოვებულ უპირატესობას და ა.შ. ასეთი ამოცანის განსაზღვრა მნიშვნელოვანია ასევე ტოტალური თავდაცვის სხვა შემადგენელი კომპონენტებისათვის.

ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეფექტური სარეზერვო ძალების და/ან ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფების არსებობა, რომელიც აქტიური სამხედრო ქვედანაყოფების პარალელურად, გარკვეული სისტემით, მშვიდობიანობის დროს მუდმივ წვრთნასა და გადამზადებას გადის და საჭიროების შემთხვევაში, სამობილიზაციო გეგმების შესაბამისად ახდენს რეაგირებას.

2. სამოქალაქო თავდაცვისათვის მზადება –  სამხედრო თავდაცვისგან განსხვავებით, ბევრად ადრე იწყება და საზოგადოების ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. მომზადება ჯერ კიდევ სასკოლო ასაკიდან იწყება და თავისი სპეციფიკაც გააჩნია. საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც არ არის რომელიმე სამხედრო ძალის წარმომადგენელი, ზედმიწევნით კარგად უნდა იცოდეს საკუთარი ადგილი, როლი და შესაძლებლობები საგანგებო შემთხევაში და არ არის აუცილებელი, რომ ეს საგანგებო შემთხვევა ომი იყოს. სამოქალაქო თავდაცვის მიზანია  მოსახლეობას გააცნოს და შეასწავლოს  ისეთი უნარები, რომელიც დაეხმარება მათ აწარმოოს სამაშველო სამუშაოები, ევაკუაცია, პირველადი სამედიცინო დახმარება, თვითგადარჩენა და თავდაცვა, თავშესაფრის მოწყობა და ა.შ. სინგაპურში, სადაც ტოტალური თავდაცვის დოქტრინა 1984 წლიდან მოქმედებს, არსებობს სამოქალაქო თავდაცვის ძალები, რომლებიც მშვიდობიანობის დროს ამზადებენ მოხალისეებს, ხოლო კრიზისის ან ომიანობის შემთხვევაში, უზრუნველყოფენ მოქალაქეთა ორგანიზებულ მოქმედებას. სამოქალაქო თავდაცვის მოხალისე სინგაპურში შეიძლება იყოს ნებისმიერი მოქალაქე ან მუდმივად მაცხოვრებელი, რომელსაც აქვს შესაბამისი ჯანმრთელობა და არის 14 ან მეტი წლის.

3. ეკონომიკური თავდაცვა – ნებისმიერი ომის საწარმოებლად ეკონომიკა გადამწყვეტ როლს თამაშობს და ტოტალური თავდაცვის დროსაც, საბოლოო მიზნის წარმატებით მისაღწევად, აუცილებელია გავითვალისწინოთ ეკონომიკური ფაქტორებიც. ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც საომარ ვითარებაშია, მზად უნდა იყოს, რომ თავისი რესურსი მიმართოს ამ ომის წარმოებაზე. თავდაცვისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი ამ შემთხვევაში საკმარისი არ არის. იმდენად, რამდენადაც, ძნელი სათქმელია, რამდენ ხანს შესაძლოა გასტანოს ომმა, სახელმწიფო მზად უნდა იყოს, რომ ყველა აუცილებელი რესურსით (ტყვია-წამალი, საკვები და ა.შ) არა მხოლოდ წინა (ფრონტის) ხაზი, სადაც უშუალო საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, არამედ მხარდამჭერი და ზურგის ნაწილებიც მოამარაგოს, ისევე როგორც მოსახლეობა. აუცილებელია, მშვიდობიანობის დროს შეიქმნას განსაკუთრებული რეზერვები, რომელიც პერიოდულად (კრიზისისა თუ საომარი მოქმედებების დაწყებამდე) უნდა განახლდეს. სახელმწიფო, ომის დაწყებამდე, უნდა დარწმუნდეს, რომ მას დამოუკიდებლად გააჩნია შესაბამისი რესურსები ომის საწარმოებლად; რამდენი ხნის განმავლობაში შეუძლია აწარმოოს ეს ომი არსებული რესურსებით და რას მოიმოქმედებს იმ შემთხვევაში, თუკი ასეთი რესურსი ამოიწურება და/ან რას უზამს ამ რესურსებს, თუკი დანებება გარდაუვალია. შვეიცარიის მაგალითს თუ ავიღებთ, თუკი მოწინააღმდეგის შეკავება შეუძლებელია, არსებობს გეგმა, რომლის მიხედვითაც ყველა სტრატეგიული დანიშნულების (გზები, წყალსაცავები) თუ განსაკუთრებული დანიშნულების ობიექტი განადგურებას ექვემდებარება და აგრესორს შვეიცარიაში დახვდება შემდეგი ვითარება: დიდი დანაკარგების ფასად მოპოვებული ტერიტორია, რომელიც ფაქტობრივად გამოუსადეგარია და მძიმე ტვირთად დააწვება  ყველა, მათ შორის ეკონომიკურ ასპექტშიც.

4. ინსტიტუციონალური თავდაცვა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა კომპონენტი ტოტალური თავდაცვის რეჟიმში მოქმედი სუბიექტისთვის. ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, როგორც მშვიდობიანობის, ასევე ნებისმიერი კრიზისული ვითარებისა თუ ომის დროს, გეგმაზომიერად შეთანხმებულად უნდა მოქმედებდეს. შესაბამისი გეგმები მშვიდობიანობის დროს მუშავდება და დაუშვებელია ნებისმიერი რგოლის ამ გეგმიდან ამოვარდნა. მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ფუნქციების დუბლირება და ყველა უწყებამ ზედმიწევნით  იცოდეს ვინ, სად, როდის, რა მიზნით და რას გააკეთებს. ეს 5 შეკითხვა სამხედრო დაგეგმარების ქვაკუთხედია ნებისმიერ დონეზე და ომიანობის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. მეტი თვალსაჩინოებისთვის, გერმანიის მაგალითი შესაძლოა იდეალური იყოს ამ შემთხვევაში, სადაც მშვიდობიანობის დროს იდეალურად მომუშავე გერმანული რკინიგზის დაგეგმარება გენერალურ შტაბში ხორციელდებოდა ყველა იმ სპეციფიკის გათვალისწინებით, რაც რკინიგზას, როგორც სტრატეგიულ კომუნიკაციას შეიძლება გააჩნდეს (სამხედრო ტექნიკის, ტვირთებისა თუ პერსონალის გადაყვანა და ა.შ).

5.   ფსიქოლოგიური თავდაცვა – რომელიც ერთი შეხედვით, აბსტრაქტული ცნებაა, თუმცა ჰიბრიდული ომის ეპოქაში საკმაოდ დიდ მნიშვნელობას იძენს. ზოგადად ერის მზაობა, ნებისმიერი საშუალებით დაიცვას საკუთარი სახელმწიფო, ომის წარმოებისას გადამწყვეტი ფაქტორია და ამ მზაობის გარეშე, ვერცერთი ზემოთჩამოთვლილი კომპონენტი ვერ იმუშავებს. საზოგადოების ნება ამ შემთხვევაში გადამწყვეტია. რბილი ძალის ეფექტურობისთვის  საომარი მოქმედებების წარმოება აუცილებელი არ არის. რბილი ძალის გამოყენება შესაძლოა ირიბი, თუმცა მაინც აგრესიის ერთ-ერთი ფორმაა და საკმაოდ ეფექტურიც. უპირველეს ყოვლისა, ამ ძალის იდენტიფიცირებაა აუცილებელი და შემდეგ – მისი განეიტრალება ისე, რომ დემოკრატიის მთავარი ღირებულებები არ დაირღვეს. საზოგადოება, რომელიც აცნობიერებს, რომ მის სახელმწიფოებრიობას მხოლოდ შეიარაღებული ძალები ვერ უზრუნველყოფს, უნდა აცნობიერებდეს საკუთარ როლსაც ნებისმიერი კრიზისის დროს და მზად იყოს, საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს მობილიზაცია.

სახელმწიფოს ჩართულობა  ტოტალური თავდაცვისათვის მზადების პროცესში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია  და მხოლოდ საზოგადოების მობილიზაცია არ ეყოფა. აუცილებელია, უპირველეს ყოვლისა, განისაზღვროს რისკები, გამოწვევები, მუქარები თუ საფრთხეები, რომელიც სახელმწიფოს წინაშე დგას. შემდეგ, უნდა მოხდეს ისეთი გეგმის შემუშავება, რომელიც უპირველეს ყოვლისა, შესაძლებელს გახდის მათ მშვიდობიან მოგვარებას და თუ ეს შეუძლებელია, მაშინ უნდა არსებობდეს გეგმა, რომელიც საგანგებო შემთხვევაში უზრუნველყოფს ყველა საჭირო სტრუქტურის დროულ ამოქმედებას. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურები ყველა სახელმწიფოს საკუთარი აქვს და არ არსებობს რაიმე ერთი ეფექტური თუ წარუმატებელი ფორმულა. აუცილებელი, რაც ამ სტრუქტურების ფორმირებისას უნდა გავითვალისწინოთ, არის სისტემა, რომელშიც მკაფიოდ არის განსაზღვრული სამეთაურო ჯაჭვი, იერარქია, ფუნქციები. სისტემა, რომელიც მოქმედებს იმის მიუხედავად, თუ ვინ ხელმძღვანელობს მას და არ არის ზედმეტად ბიუროკრატიული მაშინ, როდესაც მოქმედებაა საჭირო, რათა არ შეაყოვნოს გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რომლის დროულობასაც, ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს.

თავდაცვის დაგეგმარებისას, ასევე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება რესურსების სწორ და ზუსტ გადანაწილებას. გარდა იმისა, თუ რამდენად უღირს სახელმწიფოს თავდაცვა და რამდენად  არის მზად საზოგადოება შეინახოს საკუთარი შეიარაღებული/სამხედრო ძალები, გასათვალისწინებელია ისიც, თუ რამდენად სწორედ მოხდება გამოყოფილი რესურსების ათვისება.  ნებისმიერი გეგმა, რომელსაც სახელმწიფო შეიმუშავებს თავდაცვისთვის – განწირულია, თუკი მისი განხორციელებისათვის აუცილებელი რესურსებიც არ დაიგეგმა. რესურსების დაგეგმვა და მისი მართვა  კი საკმაოდ კომპლექსურია და ღრმა ანალიზსა და ცოდნას მოითხოვს.

თავდაცვის ბიუჯეტი, ზოგადად,  შეიძლება რამდენიმე ძირითად კომპონენტად დაიყოს, როგორიცაა: პირადი შემადგენლობის ხარჯები, ოპერაციებისა და მათი უზრუნველყოფის ხარჯები, სამხედრო აღმშენებლობის ხარჯები და შესყიდვები. თითოეული მათგანი, თავის მხრივ, არაერთ კომპონენტს აერთიანებს, მაგალითად, საბრძოლო  მომზადების, პირადი შემადგენლობის წვრთნის, განათლების, შენარჩუნების, საბრძოლო ტექნიკის შენახვის, მომსახურების, შეკეთების, სოციალური პროგრამების და ა.შ. ეს ჩამონათვალი საკმაოდ დიდია. საბრძოლო მოქმედებების დროს ვითარება ცდება მხოლოდ თავდაცვის ბიუჯეტს და ამ შემთხვევაში ტოტალური თავდაცვის რეჟიმში მყოფმა სახელმწიფომ ყველა რესურსი უნდა აამოქმედოს, რაც თავის მხრივ, ბევრად უფრო კომპლექსურ დაგეგმარებას მოითხოვს.

ტოტალური თავდაცვა ქვეყნის რესურსების მაქსიმალურ მობილიზაციას მოითხოვს და დაუშვებელია მისი მხოლოდ თავდაცვის უწყების კონტექსტში განხილვა. განათლების სისტემა, სპორტი, ჯანდაცვა, ეკონომიკა – ტოტალური თავდაცვის დაგეგმვის პროცესში ყველა კომპონენტი ურთიერთქმედებაში უნდა იყოს და შეთანხმებულ პოლიტიკას აწარმოებდნენ. წინააღმდეგ შეთხვევაში, შესაძლოა მივიღოთ ტოტალური თავდაცვისთვის ილუზია, რომელიც მხოლოდ ქაღალდზე არსებულ რიცხვებში გამოიხატება, ხოლო რეალურად, საჭიროების შემთხვევაში,მარცხისთვის იქნება განწირული.

ტოტალური თავდაცვის მზაობის მიღწევა არის შეკავების პოლიტიკის საწინდარიც და წარმატების საიდუმლო, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოების ნებაა; ნება – არ დაუთმო საკუთარი სახელმწიფო, ან თუ დაუთმობ, ძალიან ძვირად დაუსვა ეს მოწინააღმდეგეს და ჩააბარო მას ის ისეთი, რომ საკუთარი მიზნებისათვის ვეღარ გამოიყენოს, როგორც ეს შვეიცარიაშია.