სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი, თელაველი მწერალი ვახტანგ მოსიაშვილი, იგივე ტორესა მოსი, რომელიც სამართალდამცველებმა ორი დღის წინ, კახეთის სუსი-ს შენობის წინ დააკავეს. საქმის განხილვა კი, 19 ნოემბრისთვის გადაიდო. სასამართლო სხდომაზე ტორესა მოსიმ განაცხადა, რომ მისი ქმედება პოლიტიკური პერფორმანსი იყო და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. მწერალი ორი დღის წინ იმ დროს დააკავეს, როცა ის სუსი-ს კახეთის რეგიონული სამსახურის შენობასთან საკუთარი ავტომობილით მივიდა, რომელზეც პოლიტიკური ტრანსპარანტები ჰქონდა გაკრული. მოწოდების მიუხედავად, მოსიაშვილი სამართალდამცველებს არ დაემორჩილა, რის გამოც ის დააკავეს. მას უწყება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ორი მუხლით ედავება: პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და სუსი-ს შენობის ბლოკირება.