დედაქალაქის ცენტრში გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა პოლიტიკური პოლარიზაციის ხარისხი კიდევ უფრო გაზარდა. ოპოზიციის ნაწილი პრემიერის და შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის დაყენებას და ორივე მათგანის პარლამენტში დაბარებას ითხოვს. ოპონენტები ძალადობრივ და აგრესიულ მოქმედებებზე მთელ პასუხისმგებლობას აკისრებენ და სამართალდამცავ უწყებებს უმოქმედობაში ადანაშაულებენ. ოპოზიციის აზრით, სახელმწიფომ გუშინ მოქალაქეების უფლებები და უსაფრთხოება ვერ დაიცვა და ძალადობის პრევენცია ვრ მოახდინა, რადგან მათი მტკიცებით, მედიაზე ძალადობა და დევნა ხელისუფლების მიერ იყო წაქეზებული და პროვოცირებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობის მიმართ კითხვები აქვთ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსაც, რომლებიც მომხდარზე უმკაცრეს რეაგირებას და მოძალადეთა კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას მოითხოვენ.