თბილისში ჩინეთიდან დღეს დაგეგმილი პირდაპირი ავიარეისი გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაუდასტურეს.
ასევე, არ შესრულდება არც 27 იანვარს დაგეგმილი ფრენა – რეისი პეკინი-ურუმჩი-თბილისი. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ფაქტს ადასტურებენ და განმარტავენ, რომ ამის მიზეზად ჩინური მხარე საახალწლო ღონისძიებებს ასახელებს.
სააგენტოში ასევე ამბობენ, რომ რეისები ამავე მიზეზით წინა წლებშიც გაუქმებულა. ქალაქ ურუმჩიდან სამგზავრო თვითმფრინავი 21:35 წუთზე უნდა ჩამოფრენილიყო. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩინური კალენდრით ქვეყანაში ახალი წელი 25 იანვარს აღინიშნება.