თბილისის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათს 178 წელი უსრულდება. 1-ლი მაისი ბოტანიკური ბაღის დღეა. მდიდარი ფლორა, უნიკალური კოლექციები, მცენარეთა ათასობით სახეობა, უიშვიათესი ჯიშები, რომლებსაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ – იაპონური ბაღები, ჩანჩქერები, შადრევნები, სასეირნო ბილიკები, დასასვენებელი სივრცეები-ბაღში სულ უფრო იზრდება იმ აქტივობების რიცხვი, რაც დედაქალაქის ღირსშესანიშნაობის მიმართ ტურისტების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. მოწყობილია საბავშვო და სადღესასწაულო სივრცეები, ასევე მოქმედებს ვიზიტორთა ცენტრიც, სადაც ბაღის სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებით ტურს და მარშრუტს სთავაზობენ. ფუნქციონირებს სამეცნიერო-კვლევითი განყოფილებებიც, სადაც სხვადასხვა კვლევასთან ერთად, თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ენდემური სახეობების გადარჩენაზე მუშაობენ.