„საკურას ყვავილობის დღეები“ ბოტანიკურ ბაღში

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით დღეს და ხვალ „საკურას ყვავილობის დღეები“ იმართება. წლევანდელი ღონისძიებისთვის იაპონურ ბაღს ვარდისფრად და თეთრად მოყვავილე საკურას ათი ახალი ნერგი შეემატა. „საკურას ყვავილობის დღეები“ ტრადიციული იაპონური სახვითი ხელოვნების „შოდოს“ წარმოდგენითა და იაპონური ჩაის ცერემონიალით გაიხსნა.

დამთვალიერებლისთვის გაიმართა იაპონურ თემატიკაზე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, იაპონური და ქართული ელემენტებით შესრულებული სამოსის ჩვენება, იაპონური ჩაის, ორიგამისა და სუშის მომზადების მასტერკლასი და ანიმეების გამოფენა. ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, თბილისის მერიისა და საქართველოში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით, ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ მეოთხედ იმართება.