თბილისში ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის მიმდინარეობას აფასებს საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
შალვა ოგბაიძის განმარტებით, ტაქსის A კატეგორიის მუდმივმოქმედი ლიცენზიის აღების სურვილი დაახლოებით 35 ათასამდე პირმა გამოთქვა. მსურველთა რეგისტრაცია პირველ აპრილის დასრულდა და თბილისის მუნიციპალიტეტმა ძველი სისტემით A კატეგორიის ნებართვის გაცემა შეწყვიტა. მერიის ინიციატივით რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში A კატეგორიის ლიცენზია უვადო გახდა და ის მფლობელის საკუთრება იქნება. პირველი აპრილიდან მუნიციპალიტეტი ახალი სისტემით გათვალისწინებულ, A კატეგორიის ნებართვას გასცემს ყველა იმ ფიზიკურ პირზე, რომელიც 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ნებისმიერ პერიოდში, თუნდაც ერთხელ მაინც ფლობდა A კატეგორიის ნებართვას. მას შემდეგ კი ნებისმიერ ფიზიკური თუ იურიდიული პირი A კატეგორიის ლიცენზიის მიღებას შეძლებს მხოლოდ იმ პირისგან, ვინც უკვე საკუთრებაში ფლობს ნებართვას.