კიდევ ერთი გახმაურებული საქმე: შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე აშშ-ის ფედერალურ ბიუროსთან ითანამშრომლოს. საგამოძიებო უწყებამ გარდაცვლილი გოგონას ოჯახს დღეს შეხვედრაც შესთავაზა. გადაწყდა, რომ შეხვედრა ხვალ გაიმართება. რეზონანსული საქმის გამოძიებაში „ეფ-ბი-აის“ ჩართვა თამარის ოჯახის წევრებმა მოითხოვეს და ამ მოთხოვნით დილით აშშ-ის საელჩოსთან აქცია გამართეს, მოგვიანებით გარდაცვლილის ოჯახს საელჩოს წარმომადგენლები შეხვდნენ. ბაჩალიაშვილები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ და შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ.
უკვე დასრულდა თამარ ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერის ექსპერტიზა. ადვოკატის თქმით, ამოღებულია ათასობით ფოტო და ვიდეოფაილი, თუმცა მასალები გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციის შემცველი არაა. ირკვევა, რომ ბოლოს გოგონამ კომპიუტერი 18 ივლისს, დილის 10:02 საათზე გამოიყენა.
ფონიჭალაში მცხოვრები 23 წლის პროგრამისტი 18 ივლისს გაუჩინარდა. მისი ცხედარი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს რაიონში, ტყესთან, საკუთარ ავტომობილში იპოვეს.