თვითმკვლელობის მცდელობა სასამართლო დარბაზში

შემზარავი სცენა სასამართლოს შენობაში – მსოფლიოს ყურადღება ისევ ბელარუსისკენაა მიმართული.

დაკავებულმა პოლიტიკურმა აქტივისტმა სასამართლო დარბაზში თვითმკვლელობა სცადა. ბრალდებულის ახლობლები ამ ფაქტს მილიციის მხრიდან წამებით, ფსიქოლოგიური ზეწოლით და ოჯახის წევრების დაკავების მუქარით ხსნიან. თვეების წინ მილიციის თანამშრომლებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული აქტივისტის სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება. მის დღევანდელ ქმედებას უკვე მოჰყვა ფართო საერთაშორისო რეზონანსი. ბელარუსის ხელისუფლების მიერ დევნილი დისიდენტები დასავლეთის ქვეყნებს ოფიციალური მინსკის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებენ. თუმცა, პრეზიდენტი ლუკაშენკო, რომელმაც მოსკოვისგან ფულადი და მორალური მხარდაჭერის გარანტიები მიიღო, საკუთარი პოლიტიკური ხაზის შეცვლას არ აპირებს. მეტიც, ქვეყნის ლიდერი საკუთარ მოქალაქეებს საზღვარგარეთ წასვლას უზღუდავს.