სტრასბურგის სასამართლომ „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და მომჩივნის სარჩელი არ დააკმაყოფილა. მელია ითხოვდა სასამართლოს დაედგინა, რომ მისი დაკავება არაკანონიერი იყო. სასამართლომ დაადგინა, რომ არც ერთი მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ნიკა მელია ბრალდებული იყო 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტთან გამართული აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით. პროკურატურის მიმართვის შემდეგ, მოსამართლემ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით ელექტრონული მონიტორინგი და გირაო შეუფარდა. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური საჯაროდ მოიხსნა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, გირაო გაიზარდა. ნიკა მელიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა. სასამართლომ მას გირაო წინასწარი პატიმრობით 17 თებერვალს შეუცვალა. მელია 2021 წლის 23 თებერვალს დილით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ოფისში ჩატარებული ოპერაციის შედეგად დააპატიმრეს.