სენაკში წყალდიდობის შედეგად, მეორე დღეა, სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. წყალმოვარდნის შედეგად შლამისგან იწმინდება მოსახლეობის ეზოები და სახლები. სამუშაოებში დილიდან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები ჩაერთნენ.
ორი დღის წინ სენაკში ძლიერი წვიმისა და წყალმოვარდნების შედეგად ქალაქის ცენტრალური ქუჩები დაიტბორა, წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე. სტიქიამ დააზარალა მუნიციპალიტეტის სოფლებიც – დაზიანდა ხიდები, შიდა გზები, დაიტბორა სავარგულები.