სტიქია კახეთში

კახეთში სტიქიას კვლავ ებრძვიან. ძლიერი ქარისა და სეტყვის შედეგად ზარალი ამჯერად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამ სოფელს მიადგა. ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, ჭარბი ნალექი ვერ გაატარა სანიაღვრე არხებმა, რის შედეგადაც დატბორილია სარდაფები და ეზოები, განადგურდა მოსავალი. ქარმა დააზიანა ელექტრო გადამცემი ხაზები და ბუნებრივი აირის მილები, ასევე წააქცია მრავალწლოვანი ხეები, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღო ერთ-ერთმა მოქალაქემ. იგი ლაგოდეხის კლინიკაშია მოთავსებული და სათანადო მკურნალობა უტარდება. სტიქიის ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების სამსახურის მეხანძრე მაშველები. ამ დროისთვის წაქცეული ხეებისგან საავტომობილო გზები გაწმენდილია. სტიქიის ადგილზე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი და შესაბამისი სამსახურები. სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისია ითვლის.