სტიქია აჭარაში. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარეები. ძლიერი ქარის გამო, ბათუმში წაიქცა ხეები, დაზიანდა მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებები, ელექტროსადენები და ელექტროგადამცემი ბოძები. რამდენიმე ლოკაციაზე განვითარდა მეწყრული პროცესები. მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. ქალაქის მასშტაბით დაწყებულია სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.
სტიქიამ პრობლემები შექმნა გურიაშიც. ძლიერი წვიმის შედეგად ლანჩხუთში დაზიანდა შიდა გზები, ხიდები, საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო მიწები. რამდენიმე ადგილას ჩამოწვა მეწყერი. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია შესაბამისი კომისია და მიმდინარეობს ზარალის დათვლა. შემთხვევის ადგილზე დილიდან იმყოფება ლანჩხუთის მერი. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ოზურგეთშიც. დაიტბორა მოსახლეობის ეზოები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები, სოფლების შიდა გზები და ელექტროგადამცემი ხაზები. განვითარდა მეწყრული პროცესები. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ოზურგეთის მერიასთან ერთად, მთელი ღამის განმავლობაში ჩართული იყო „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფები და გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. მერის წარმომადგენლები სოფლებში არსებულ ვითარებას დილიდან ადგილზე ეცნობიან, მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ელექტროენერგიის მიწოდება სოფლებში ნაწილობრივ აღდგენილია.