შვეიცარიული გამოცემა აქვეყნებს სტატიას სათაურით: „საქართველო არ იქნება სათამაშო ბურთი“. ავტორი მკითხველს უყვება, რომ საქართველომ დასავლეთთან პარტნიორობა არაერთხელ დაამტკიცა. ავტორი ფსევდონიმით – ალექსანდრე ვირსალაძე წერს, რომ „ქვეყნისთვის ახლა მნიშვნელოვანია საქართველო უკრაინად არ იქცეს. ეს წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთა ადვილია, თუმცა უკან დაბრუნება ძალიან რთული“ – წერს ავტორი.
სტატიაში ვკითხულობთ: „საქართველომ ეს პარტნიორობა არაერთხელ დაამტკიცა. გავიხსენოთ სულ მინიმუმ ნატოს ოპერაცია ავღანეთში, რომელშიც საქართველო როგორც ნატოს არაწევრი სახელმწიფო სოლიდური კონტინგენტით იყო წარმოდგენილი და 32 ჯარისკაცი და ოფიცერი დაეღუპა. მათ სიცოცხლე იმისთვის არ გაუწირავთ, რომ მათ სამშობლოს დასავლეთმა ხშირად და უსამართლოდ ხან ყვითელი ბარათი აჩვენოს და ხანაც წითელი.”- წერს ავტორი. ის ასევე 2012 წლამდე პერიოდს იხსენებს და მკითხველს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს შეზღუდული თავისუფლებისა და ქვეყანაში გამეფებული შიშის შესახებ უყვება. სტატიაში წერია, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შემდეგ არის განცდა, რომ ქართულ მეიდანს აორგანიზებენ. ავტორი ამ კონტექსტში წინა ხელისუფლების ავტორიტარულ რეჟიმს იხსენებს და მკითხველს უმიზეზოდ დაჭერილი ფოტოგრაფების ამბავს უყვება. „ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სადაც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სერიოზული დარღვევები არ ყოფილა, მაქვს განცდა რომ ქართულ მაიდანს აორგანიზებენ, ვითომ დემოკრატიული არჩევნების სურათს გაყიდიან, ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან და პოლიტიკურ მოწინააღმდეგეების დევნას დაიწყებენ. ჩვენ შევთანხმდით, რომ ემოციებს არ მივცემთ ჩვენი მართვის საშუალებას, მხოლოდ ფაქტებით და არაფრით ფაქტების გარდა.“- ნათქვამია სტატიაში.