შალვა პაპუაშვილის განცხადება

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის“ შეფასებებს რეალობასთან კავშირი არ აქვს და ხელისუფლებაზე გაბრაზებულმა ორგანიზაციებმა ჯავრი საქართველოზე იყარეს, – ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, საქართველო მოლდოვასა და უკრაინას ჩამორჩება და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის მესამე ადგილს იკავებს. შალვა პაპუაშვილი დოკუმენტის ავტორებს ურჩევს, ავტორიტეტულ შეფასებებს და რეიტინგებს, მათ შორის ევროკომისიის ანგარიშს გადახედონ, თუ რა ადგილს იკავებს საქართველო.

შეგახსნებთ, „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსმა“ ანგარიში გასულ კვირას გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყნების შეფასების დროს კვლევის ავტორებმა იხელმძღვანელეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის მხარდაჭერითა და სხვადასხვა ქვეყნის 65 ადგილობრივი ექსპერტის გამოცდილებით. საქართველოდან ამ ექსპერტებს შორის დასახელებული არიან კახა გოგოლაშვილი, გელა კვაშილავა, კორნელი კაკაჩია, თამარ ხიდაშელი და სხვები.