სომხეთის ბრალდება აზერბაიჯანულ მხარეს

სომხეთი აზერბაიჯანს სამხედრო ტყვეების დახვრეტაში ადანაშაულებს და საერთაშორისო გამოძიების დაწყებას ითხოვს. სომხური მედიის ინფორმაციით, „ტელეგრამის“ არხებზე გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც სავარაუდოდ, ჯარისკაცების მკვლელობა და წამებაა ასახული, მათ შორის – ქალების. „სომხეთი ითხოვს მკაფიო შეფასებას აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ამ და წინა პერიოდში ჩადენილი საშინელი სამხედრო დანაშაულების შესახებ“, – აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

ნიკოლ ფაშინიანი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, „კატეგორიულად დაგმოს დანაშაული და მიიღოს შესაბამისი ზომები აზერბაიჯანის აგრესიის შესაჩერებლად“. გავრცელებულ ვიდეომასალაზე განცხადება გააკეთა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა. „თუ ამ კადრების ავთენტურობა დადასტურდება, მაშინ ეს არის ომის დანაშაული, რომელიც უნდა გამოიძიონ და დაისაჯონ დამნაშავეები“, – აღნიშნა ტოივო კლაარმა. საპასუხოდ, აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ სრულყოფილად იძიებენ ამ კატეგორიის ვიდეოების ნამდვილობას. შედეგების მიხედვით, კანონით გათვალისწინებული ზომები იქნება მიღებული.