სომხეთი - საფრთხეების ხედვა
სომხეთი - საფრთხეების ხედვა

სპუტნიკ არმენიას“ ცნობით, სომხეთი ცდილობს არ ჩამორჩეს აზერბაიჯანს სამხედრო მზაობის თვალსაზრისით. 17 ივნისს დაიწყო სამხედრო სწავლებები ყარაბახში,  ხოლო 18 ივნისს, მეორე დღეს, საჰაერო თავდაცვის ძალების სწავლება უკვე საკუთრივ სომხეთში.

სომხეთისათვის გაღიზიანების ფაქტორს  ის გარემოება წარმოადგენს, რომ საბრძოლო წვრთნების რაოდენობით აზერბაიჯანი მას აღემატება. მეტიც, სამხედრო ექსპერტის ლეონიდე ნერსისიანის განცხადებით, ბოლო კვირების განმვლობაში ჩატარებული წვრთნების რაოდენობის მხრივ, აზერბაიჯანი რეგიონის რეკორდსმენადაც შეიძლება იქნას მიჩნეული: ორჯერ ჩატარდა წვრთნები მაისში, მათ შორის, თურქეთის მონაწილეობითაც. ივნისში უკვე სამჯერ და აქაც თურქეთის მონაწილეობით. მიუხედავად იმისა, რომ ეს გარემოება რეალურადაა შეშფოთების საფუძველი, იმავე ნერსისიანს მიაჩნია, რომ სომხეთის არმიის მომზადების საერთო დონე ბევრად აღემატება აზერბაიჯანის არმიის მომზადების საერთო დონეს.

სომხეთის განსაკუთრებული შეშფოთების საგანია საქართველოს სავარაუდო მონაწილეობა აზერბაიჯანულ-თურქულ სამხედრო სწავლებებში, ისევე, როგორც 12 ივნისს გაბალაში ჩატარებული სამმხრივი მინისტერიალი საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელთა მონაწილეობით. შეხვედრის ძირითადი თემა ეხებოდა რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სტრატეგიული თანამშრომლობის დადასტურებას, სამხედრო, სამედიცინო და განათლების (იგულისხმება, სავარაუდოდ, სამხედრო მედიცინა და სამხედრო განათლება) სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.

სომეხი სამხედრო ექსპერტები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ მსგავს წვრთნებში, იმავე შემადგენლობით – თურქეთი-აზერბაიჯანი-საქართველო, საქართველო ადრეც  მონაწილეობდა. მაგალითად, სამეთაურო-საშტაბო სწავლებები „Eternity-2017“ და სამხედრო სწავლებები „კავკასიის არწივი“.  თუმცა, აღნიშნული სწავლებების ფოკუსი მიმართული იყო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტების უსაფრთხოებაზე, რაშიც საქართველოს მონაწილეობა ბუნებრივი ჩანს: თურქულ-აზერბაიჯანული ენერგეტიკული პროექტების (მაგ.,ნავთობსადენი ბაქო-ჯეიჰანი) ძირითადი ინფრასტრუქტურა საქართველოს ტერიტორიაზეა განლაგებული.

კიდევ ერთი თემა, რომელიც რეგიონალურ უსაფრთხოებასთან შეხებაშია და ამავე დროს, სომხეთის რეალური თავის ტკივილია,  გახლავთ ბირთვული ნარჩენების შენახვის (სამარხების) ანდა სომხეთიდან გატანის საკითხი. ახალი სამარხების აგება არა მარტო ძვირია, არამედ, ვარგისიანობის თვალსაზრისით, დროშიც შეზღუდული (50 წელი, სავარაუდოდ), ამიტომ ეს პრობლემას საბოლოოდ არ ხსნის. გატანა მხოლოდ რუსეთშია შესაძლებელი, რომელსაც მათი უტილიზაცია შეუძლია. მაგრამ აქ ტრანსპორტირების პრობლემა იჩენს თავს. სსრკ-ს არსებობის დროს, სატრანსპორტო დერეფნად აზერბაიჯანის ტერიტორია გამოიყენებოდა. დღეს ეს დერეფანი სომხეთისათვის დახურულია. რჩება საქართველო და აქ ეს საკითხი უკვე ჩვენი უსაფრთხოების საკმაოდ მტკივნეულ პრობლემას ებმება. ამრიგად, გამოდის, რომ სომხეთის „თავის ტკივილი“ არა მარტო  სომხეთის თავის ტკივილია მხოლოდ. შევნიშნავთ, რომ სომხეთის ატომური სადგური თურქეთისთვისაც საკმაოდ პრობლემურ ობიექტს წარმოადგენს. თუმცა ეს ცალკე საუბრის თემაა.

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

დატოვე კომენტარი