პუტინის მარიუპოლში ჩასვლა ტრაგიკულ თარიღს, თეატრის დაბომბვის წლისთავს ემთხვევა. შენობა, სადაც ქალები და ბავშვები აფარებდნენ თავს, რუსებმა მიწასთან გაასწორეს. სოლიდარობისა და მხარდაჭერის ნიშნად, დღეს ჩეხმა და უკრაინელმა აქტივისტებმა პრაღის ეროვნული თეატრის წინ სოლიდარობის აქცია გამართეს. ათობით უკრაინელი ლტოლვილი და ადგილობრივი აქტივისტი შეიკრიბა თეატრის წინ, ეჭირათ უკრაინის დროშები და პლაკატები წარწერით „გამოაგდეთ რუსეთი გაეროდან“ , „ვეტო ძალაა ტერორისტის ხელში“ – რაშიც საერთაშორისო ორგანიზაციაში რუსეთის ვეტოს უფლებას გულისხმობდნენ. პრაღაში აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად გააკეთეს წარწერა „ბავშვები“. ეს წარწერა შენობის წინ 2022 წლის მარტში გაკეთდა, როდესაც ოკუპანტებმა მცირეწლოვნებით სავსე, თავშესაფრად ქცეული ნაგებობა დაბომბეს.