ვითარება უკრაინაში

გასული ღამის განმავლობაში რუსულმა მხარემ უკრაინაზე თავდასხმა სამი რაკეტითა და 23 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით განახორციელა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ყველა მათგანი განადგურებულია. უპილოტო საფრენი აპარატების განადგურება უკრაინულმა სამხედროებმა ხარკოვის, პოლტავას, კიროვოჰრადის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონისა და ნიკოლაევის რეგიონებში მოახერხეს. ჩამოგდებულმა „შაჰედის“ ნამსხვრევებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში საცხოვრებელი სახლები და მანქანები დააზიანა. მანამდე, პოლტავას ოლქში, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმისას ხანძარი გაჩნდა სამრეწველო ობიექტში. ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პარალელურად, კანადა უკრაინას 800 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს. ამის შესახებ განცხადება კანადის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, ბილ ბლერმა გააკეთა. მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან ორი წლის გასვლის პარალელურად, კანადა მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად.