ორწლიანი არქეოლოგიური გათხრების შედეგად, სოფელ ქვემო ნიქოზში ძვ.წ. მე-18-მე-17 საუკუნის ყორღანული სამარხი აღმოაჩინეს. როგორც არქეოლოგები აცხადებენ, აღმოჩენა უნიკალურია იმ მხრივ, რომ შიდა ქართლის რეგიონში, 3 800 წლის წინანდელი შუა ბრინჯაოს ხანის კარგად შენახული, დიდი ზომის სამარხი პირველად გაითხარა.
არქეოლოგების განცხადებით, სამარხი, სავარაუდოდ, ტომის დაწინაურებული წევრის, შესაძლოა, ბელადის იყოს. ამაზე სამარხში აღმოჩენილი არტეფაქტები მიანიშნებს. არქეოლოგებმა გათხრების შედეგად ხარის ორი თავი, ოთხთვალა ეტლის დანახშირებული ნაშთები და თიხის სხვადასხვა ჭურჭელი აღმოაჩინეს. ჭურჭელში, სავარაუდოდ, სხვადასხვა პროდუქტი უნდა ყოფილიყო მოთავსებული და მას მიცვალებულს სარიტუალო დანიშნულებით ატანდნენ. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ეტლთან უნდა იყოს მიცვალებულის ძვლები.
არქეოლოგიურ გათხრებს გორის უნივერსიტეტისა და ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი, არქეოლოგი გიორგი მინდიაშვილი ხელმძღვანელობს და მასში გორის უნივერსიტეტის სტუდენტებიც არიან ჩართულნი. პროექტი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ორ ეტაპად განხორციელდა და კულტურის სამინისტროსა და გორის მერიის მიერ დაფინანსდა.