„გადაჭრილი გორის“ არქეოლოგიური კომპლექსის რეაბილიტაცია

საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, ეკონომიკისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის ნამოსახლარში „გადაჭრილი გორის“ არქეოლოგიური კომპლექსის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. დაცვისა და განვითარების მიზნით შექმნილი პროექტით, გათვალისწინებულია ობიექტის გადახურვა, საგზაო და საინჟინრო ინფრასტრუქტურისა და ავტოსადგომის მოწყობა. არქეოლოგიური ძეგლის დათვალიერება, გარემოსა და ლანდშაფტის აღქმა შესაძლებელი იქნება ფერმებზე დაკიდებულ საფეხმავლო პანდუსზე ასვლით. ობიექტზე არქეოლოგიური გათხრები 2006 წელს დაიწყო.

2015 წელს აღმოაჩინეს თიხის ჭურჭელი, რომლის ანალიზის შემდეგ დადგინდა, რომ ჭურჭლის ფორებში შემორჩენილი იყო 8 000-წლოვანი ღვინის ნაშთები. 2017 წელს ეს არქეოლოგიური აღმოჩენა მსოფლიოს 10 მნიშვნელოვან აღმოჩენას შორის დასახელდა. სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისამდე დასრულდება. „გადაჭრილი გორა“ იქნება მუზეუმი ღია ცის ქვეშ, ასევე – საგანმანათლებლო-სამეცნიერო ზონა, სადაც არქეოლოგიური გათხრები გაგრძელდება.