სოციალური სამართლიანობის ცენტრმა პოლიციის ცრუ ჩვენების სავარაუდო დანაშაულზე პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა.
საქმე ეხება, 2022 წლის 20 ნოემბერს ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების მიერ თავისუფლების მოედანზე დავით ნარსავიძისა და ირაკლი კვეკვესკირის დაკავების ფაქტს. აღნიშნული პირები პოლიციის თანამშრომლებმა პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის საფუძვლით დააკავეს. როგორც მესამე სექტორში აცხადებენ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მოწმის სტატუსით დაიკითხნენ პოლიციის ძველი თბილისის სამმართველოს დეტექტივები. მათი განმარტებით, შსს-ს მოწმეები საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ განზრახ არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ სასამართლოს, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმის ობიექტურად გადაწყვეტისათვის. თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული გადაწყვეტილებით, დაკავებულები გაამართლა პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში და პოლიციისთვის შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებებში.