„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნების შესრულება იწყება.
წყალტუბოს რაიონის სოფელ გუმათთან განლაგებული რკინის ჯებირები აიღეს. ევროკავშირის ენერგეტიკული საბჭოს ჩართულობით ერთი კვირის წინ გამართულ შეხვედრაზე სწორედ ჯებირების დემონტაჟი იყო ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც მოძრაობის, „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“, წევრებმა დააყენეს. შსს-ს ცნობით, პოლიცია გუმათში უსაფრთხოების მიზნით კვლავ დარჩება. უწყება ჰესის აშენების მოწინააღმდეგეებს მოუწოდებს, რომ შეკრების დროს კანონი დაიცვან და პოლიციელთა მოთხოვნებს დაემორჩილონ. აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი ახლა ინვესტორი კომპანიის მხრიდან სამუშაო პროცესის შეჩერებას ითხოვს. რკინის ბარიერების მოხსნას, როგორც დეესკალაციისკენ გადადგმულ ნაბიჯს, მიესალმება კომპანია „ენკა“ და იმედს გამოთქვამს, რომ აქტივისტები რიონის ხეობაში თავისუფალი გადაადგილების უფლებას არ შეზღუდავენ.