შობის ტრადიციები საქართველოში

შობა ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია საქართველოში, რომელსაც ბევრი ხალხური ტრადიცია უკავშირდება.

შობის ღამეს მთელ საქართველოში ტრადიციულად სრულდება ალილო. თითქმის ყველა კუთხეს ალილოს საკუთარი ვერსია აქვს. გარდა სიმღერისა, ალილო ქრისტეს მახარობლების მსვლელობასაც ეწოდება.

ყველასთვის ცნობილია, რომ მახარობლები მთელი ღამის განმავლობაში დადიოდნენ ოჯახებში და ლხინსაც იქ აგრძელებდნენ, სადაც დაათენდებოდათ. ალილოს ტრადიცია საქართველოში აღდგენილია და 7 იანვარს მთელ საქართველოში იმართება.

ერთ-ერთი გამორჩეული საშობაო ტრადიცია შობის ღამეს ფანჯრის რაფაზე სანთლის ანთებაა. ეს ტრადიცია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივით შემოიღეს. მორწმუნეებს სჯერათ, რომ სანთლის დანთებით ქრისტეს მოვიხმობთ, რომ ჩვენს ოჯახებში მარადიული სინათლე  და თავისი მადლი შემოიტანოს.

შობის დღესასწაულზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სადღესასწაულო კერძებს ამზადებენ. ლიტურგიის დასრულების შემდეგ კი, სხვადასხვა ეკლესიის მრევლი გალობით უერთდება ალილოს საზეიმო მსვლელობას.

შობის დღესასწაულის უძველესი დროიდან შემონახულ უცვლელ ტრადიციებს თვალი ლიზა ციციშვილმა გადაავლო და ის თავის რეპორტაჟში გაჩვენებთ, როგორ ცხვება გურული ღვეზელი და როგორ ემზადებიან ეკლესია-მონასტრებში შობის დღესასწაულისთვის.