ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში რომის პაპმა ფრანცისკემ საშობაო მესა ჩაატარა, რომელსაც წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, მხოლოდ 100-მდე ადამიანი დაესწრო. ღვთისმსახურება ჩვეულებრივზე ორი საათით ადრე დაიწყო, რათა ტაძარში მყოფ პირებს სახლებში დაბრუნება კომენდანტის საათის დაწყებამდე მოესწროთ. ტაძარში მყოფ ყველა პირს, პონტიფიკოსისა და მგალობელთა გუნდის წევრების გარდა, პირბადე ეკეთა. ტრადიციულად, საშობაო მესას 10 000-მდე ადამიანი და 200 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება ხოლმე.
საშობაო მიმართვისას რომის პაპმა მორწმუნეებს მოუწოდა ყურადღება გაამახვილონ მათ უსამართლო დამოკიდებულებაზე მათივე ძმებისა და დების მიმართ. გზავნილში პაპმა ფრანცისკემ, მოიხსენია სხვადასხვა ქვეყანა. მათ შორის, აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში აპირებს, ლიბანსა და სამხრეთ სუდანს ეწვიოს.
რაც შეეხება რომის პაპის ტრადიციულ მიმართვას „ქალაქისა და მსოფლიოსადმი“, პონტიფიკოსი მას წმინდა პეტრეს მოედანზე გამავალი აივნის ნაცვლად, ვატიკანის შიდა დარბაზიდან, პარასკევს წაიკითხავს.
შობის დადგომა რამდენიმე საათით ადრე იზეიმეს ბეთლემში, სადაც კოვიდპანდემიის გამო, საზეიმო ლიტურგია მცირერიცხოვანი მრევლის თანდასწრებით ჩატარდა.