საქართველოში კორონავირუსის შიდა გავრცელების პირველი შემთხვევიდან მეექვსე კვირას, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო. დღეიდან მთლიანად განახლდა ონლაინ-ვაჭრობა და ნებისმიერი პროდუქტის ადგილზე მიტანის სერვისები. მუშაობის უფლება მიეცათ ღია აგრარულ ბაზრებსაც. თუმცა საუბარია მხოლოდ იმ ბაზრებზე, სადაც კორონავირუსისგან დაცვის პროტოკოლი და წესები მკაცრად იქნება დაცული. იგულისხმება მოვაჭრე პერსონალის ჯანმრთელობის მუდმივი მონიტორინგი და გასაყიდი პროდუქციის შეტანა-გატანისას სანიტარული წესების დაცვა.
ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ცალკეული დარღვევები, რის გამოც, რამდენიმე ბაზარი ისევ დახურეს. შეზღუდვების მოხსნის სქემა ექვს ეტაპს მოიცავს და თითოეულ ეტაპს შორის ორკვირიანი ინტერვალია. ეს ნიშნავს, რომ ეპიდსურათის გაუმჯობესებისა და მოვლენების გეგმის მიხედვით განვითარების შემთხვევაში, ეკონომიკური საქმიანობა და ცხოვრების ჩვეული რეჟიმი სრულად ივლისის შუა რიცხვებში აღდგება.