ორდღიანი ინტენსიური თოვის შემდეგ, მაღალმთიან აჭარაში დილიდან გამოიდარა. წუხელ ღამით თოვლის საფარმა ხულოს მაღალი ზონის სოფლებში 80 სანტიმეტრს გადააჭარბა, ხოლო დაბალ ზონაში ნახევარ მეტრს მიაღწია. დილიდან გზებზე გაწმენდითი სამუშაოები განახლდა.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თემებთან მისასვლელი გზები თითქმის სრულად გაწმენდილია, 60-მდე სოფელთან მაღალი გამავლობის ავტომობილებით მისვლა შესაძლებელია. ასევე, სრულად გაიწმინდა კურორტ „გოდერძისთან“ დამაკავშირებელი გზა და ამ მიმართულებითაც მოძრაობა მაღალი გამავლობის ავტომანქანებისთვის დასაშვებია. რაც შეეხება შუახევის მაღალი ზონის სოფლებს, თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია, ქედაში კი 70 სანტიმეტრს.
გაწმენდით სამუშაოებში 40-მდე სპეცტექნიკაა ჩართული. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, შეფერხებაა შუახევში და ჭვანის ხეობაში, სადაც რამდენიმე აბონენტს არ მიეწოდება დენი.