მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე პალესტინელებსა და ისრაელის არმიას შორის შეტაკება მოხდა. შეტაკების შედეგად ასობით პალესტინელმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, დაშავებულია ისრაელის არმიის ერთი ჯარისკაცი. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პალესტინელებმა ისრაელის ჯარისკაცებს ქვები და „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს, რასაც ჯარისკაცების მხრიდან ცეცხლის გახსნა მოჰყვა. ისრაელის ჯარისკაცებმა კი პალესტინელების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ასევე, თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ გვიან ღამით პალესტინელებმა მანქანიდან ცეცხლი გახსნეს ქალაქ ნაბულუსთან მდებარე ისრაელის საგუშაგოს მიმართულებით. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ინციდენტს გამოეხმაურა ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ და პალესტინელებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ვითარება გასულ კვირაში დაიძაბა. პალესტინელებმა დასახლება ჰომეშთან მოძრავი ავტომანქანის მიმართულებით გახსნეს ცეცხლი, რომელშიც სტუდენტები ისხდნენ. სროლის შედეგად დაიღუპა ერთი სტუდენტი, ორი კი მძიმედ დაიჭრა. რამდენიმე დღის შემდეგ, ისრაელის უშიშროების ძალებმა სროლებში ეჭვმიტანილი ექვსი პალესტინელი დააკავეს.