ვითარება ახლო აღმოსავლეთში

„ჩვენ ომში ვართ იმისთვის, რომ ვიარსებოთ“ – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ბენიამინ ნეთანიაჰუ ასევე ამბობს, რომ ახალი მოლაპარაკებები მიმდინარეობს ისრაელელი მძევლების გადასარჩენად. მისივე თქმით, ისრაელის სამხედროების მიერ ღაზაში ძალის გამოყენება აუცილებელი იყო მძევლების დასაბრუნებლად და ომის მოსაგებად. შეგახსენებთ, რომ ეს ნეთანიაჰუს პირველი ოფიციალური განცხადებაა მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში ოპერაციის დროს ცეცხლი შემთხვევით „ჰამასის“ მიერ გატაცებულ მძევლებს გაუხსნეს, რის შედეგადაც სამი მათგანი დაიღუპა.

ასევე, დღეს ცნობილი გახდა, რომ ჰუმანიტარული ტვირთები ღაზას სექტორში ისრაელიდან ქერემ შალომის გზით შევა. ინფორმაციას თავად ისრაელის მთავრობა ავრცელებს. ეს გადაწყვეტილება ჰუმანიტარული დახმარების ყოველდღიურ რაოდენობას გაზრდის. აქამდე ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში რაფაჰის დერეფნით შედიოდა, რომელიც ეგვიპტისა და ღაზას საზღვარზე მდებარეობს.