თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ატაშეებს თავდაცვის ახალი კოდექსი გააცნეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნისთვის თავდაცვის კოდექსის მნიშვნელობაზე და აღინიშნა, რომ რეფორმები შემუშავებულია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის, საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიზნების გათვალისწინებით. აღსანიშნავია, სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, ახალი კოდექსი თავდაცვის მიზნებზე სრულად მორგებულს ხდის სამხედრო სავალდებულო სამსახურს და შემოაქვს სამხედროების სოციალური დაცვის გარანტიები. ახალი კოდექსით იქმნება რეზერვის მყარი საფუძველი, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის. დიპლომატიური კორპუსის, ნატო-ს ძირითადი ჯგუფისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, თავდაცვის კოდექსის შემუშავება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის. თავდაცვის სამინისტრომ 2022 წლის ბოლოს მოახდინა თავდაცვის კოდექსის პროექტის ინიცირება, რომლის განხილვა და მიღება პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზეა დაგეგმილი.