შეხვედრა სასამართლო რეფორმაზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.

დახურულ კარს მიღმა ანრი ოხანაშვილი „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენლებს ელაპარაკა. პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკანონმდებლო ორგანოს, უზენესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სიას წარუდგენს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც კანდიდატთა საქმიანობის თაობაზე მოიძიებს ინფორმაციას და დაიწყებს მათთან გასაუბრების პროცესს. მოგვიანებით, კანდიდატებს კენჭი პლენარულ სხდომაზე ეყრებათ. კანდიდატებს ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდებათ.