ყოფილ სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრები დევნილების პრობლემა ისევ გადაუჭრელია. ჯანდაცვის სამინისტროს შეთავაზებას მხოლოდ 16 ოჯახი დათანხმდა. მათი ნაწილი შეთავაზებულ თანხაში ბინებს თავად მოიძიებს, მეორე ნაწილი კი ახლადაშენებულ კორპუსებში უკვე შესახლდა. დანარჩენი 100-ზე მეტი ოჯახი კი სამინისტროს არცერთ შეთავაზებას არ თანხმდება და პროცესს სრულ უნდობლობას უცხადებს.
იძულებით გადაადგილებული პირების მტკიცებით, უწყების მიერ კვადრატულ მეტრში შეთავაზებული 550 $ არასაკმარისია და თანხის გაზრდას ითხოვენ, დევნილებს არც ქირით უზრუნველყოფის დაპირების სჯერათ. დღევანდელი უშედეგო შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ორ კვირაში შედგება.