საქართველოს ბიზნესასოციაცია „მეწარმეთა შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა. შეხვედრაზე ის საკითხები განიხილეს, რაც მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ პრაქტიკაში გამოიკვეთა. კერძოდ, საუბარი შეეხო საწარმოთა რეგისტრაციასთან, ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობასა და საწარმოს პარტნიორთა მიერ გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ და პროცედურულ საკითხებს. საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, კანონის პრაქტიკაში გამოყენების შემდეგ გამოიკვეთა ტექნიკური საკითხების რამდენიმე ჯგუფი, რომელთა ნაწილი შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან სათანადო განმარტებას ან კანონში მცირე ცვლილებების განხორციელებას საჭიროებს. ამ მიზნით, სამუშაო ფორმატში შეხვედრები კვლავ გაგრძელდება.