საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა და შპს „დაგის“ დირექტორმა მიხეილ შარანგიამ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის მშენებლობის პირველი ეტაპის დაწყების თაობაზე, ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. პირველი ეტაპი მშენებლობის კონსტრუქციულ და არქიტექტურულ ნაწილს მოიცავს. შპს „დაგი“ არის საქართველოს პირველი არხის მიერ 2020 წლის ივნისში გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია.
მაუწყებლის ახალი შენობა პოლიტკოვსკაიას 31 ნომერში, დაახლოებით ორ ჰექტარ მიწის ტერიტორიაზე განთავსდება. მშენებლობის შესაბამისი ნებართვა, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა 2020 წლის მაისში გასცა. ახალი შენობის დიზაინისა და ვიზუალის შერჩევა კი, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საზოგადოებას შესთავაზა. პირველად ქართულ სივრცეში, შენობის დიზაინი და ვიზუალი მაყურებელმა ფეისბუქ კენჭისყრით შეარჩია. ღია კონკურსის გამარჯვებული შპს „თბილქალაქ“ პროექტის მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადება გახდა. ყველაზე ეფექტურმა, მოქნილმა და თანამედროვე დიზაინმა 14,227 ხმა და სპეციალური კომისიის უმაღლესი შეფასება მიიღო.
სამშენებლო სამუშაოებს ზედამხედველობას კომპანია „სიემსი“ უწევს.